2015 წელს 2 ქართველი და 2 გერმანელი მეგობარი თუშეთში სამოგზაუროთ წავედით, ოქტომბრის დასაწყისში ამინდი უკვე ირეოდა და აწუნთას უღელტეხილზე გადასვლა თოვლის გამო ვეღარ შევძელით, შემოვიფარგლეთ მხოლოდ უნიკალური თუშური კულტურის გაცნობით და მცირე ლაშქრობებით. 5 ოქტომბერს კვავლოდან დართლოსკენ ვეშვებოდით, როცა ასკილის ბუჩქი შევნიშნეთ, რომელსაც წვიმისაგან დასველებული, მწიფე ასკილის ნაყოფი ამშვენებდა, ასკილი და მისი პოტენციალი იქცა ჩვენი შთაგონების წყაროდ, ვისაუბრეთ ქართული სოფლის მეურნეობის დიდ შესაძლებლობებზე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებაზე და გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო სოფლის მეურნეობის ბიზნესი. 2015 წლის დეკემბერში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში უკვე მფლობელობაში არსებულ ნაკვეთებს დავამატეთ ახალი ფართობები და ქეთიმ იყიდა სახლი, რომელსაც დღეს “ბარბალეს” სახლს ვუწოდებთ. (გაგა აწყურიდანაა). ჩვენი მიზანი დასაწყისშივე იყო ჯანსაღი პროდუქციის წარმოება, გვაქვს ჩვენი პრინციპები და ფასეულობები, ჩვენ მიზნამდე რთულ გზას გავდივართ, თუმცა მონდომებისა და მეგობრების დახმარებით ჩვენ ვვითარდებით. პრაქტიკული საქმიანობების დაწყებამდე ჩვენს მეურნეობას დავარქვით სახელი “ბარბალე”, რაც ქართული მითოლოგიის ნაყოფიერების ქალღმერთის სახელია და სიმბოლურია მისი სოფლის მეურნეობასთან კავშირი. მხოლოდ სახელით არ შემოვიფარგლეთ და გვაქვს გერბი (ლოგო), რომელიც არის გოგრის ფორმის. გოგრა ბარაქიანობის სიმბოლოა. მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში "ბარბალეს" სტუმრები 11 სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვივნენ. მათი ძირითადი მიზანი ჩვენი საქმიანობის გაცნობა და დახმარება იყო, ჩატარდა რამდენიმე აგრო-ტური და თაფლის პრეზენტაცია. სტუმართა საერთო რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. ისინი "ბარბალეს" სტუმრობდნენ საქართველოდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, ჰოლანდიიდან, შვედეთიდან, ისლანდიიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდან, მექსიკიდან, სირიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
Tavsiye